ეკატერინე ტიკარაძე - მეტად მტკიცე გარანტიები გვაქვს, რომ ვაქცინის მოწოდების თარიღი აღარ გადაიხედოს და დაპირებული რაოდენობა მივიღოთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით უფრო მტკიცე გარანტიები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ 22 მარტის კვირიდან „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეპირებული დოზა მიიღოს.
აღნიშნული კომენტარით ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „22 მარტის კვირიდან არის მოლოდინი, რომ მივიღებთ როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ დოზებს, რა გარანტიაა, რომ ეს თარიღი არ შეიცვლება“.
ამასთან, როგორც ტიკარაძე ამბობს, წესით, ვაქცინის მოწოდების თარიღი აღარ უნდა გადაიხედოს.
„ჩვენ ხელშეკრულება დადებული გვაქვს როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ისე „ფაიზერთან“. გვაქვს ყველა დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მეტად მტკიცე გარანტიები, რომ 22 მარტის შემდეგ წესით, ეს თარიღი აღარ უნდა გადაიდოს და გარანტირებულად მივიღოთ ვაქცინის დაპირებული რაოდენობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.