ეკატერინე ტიკარაძე - პენიტენციური სამსახურის მედდას ტესტი ჩაუტარდა ვაქცინაციამდე, რაც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ჰქონდა აცრამდე, უბრალოდ პასუხი მოვიდა ვაქცინაციიდან ორი დღის შემდეგ
ეკატერინე ტიკარაძე - პენიტენციური სამსახურის მედდას ტესტი ჩაუტარდა ვაქცინაციამდე, რაც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ჰქონდა აცრამდე, უბრალოდ პასუხი მოვიდა ვაქცინაციიდან ორი დღის შემდეგ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, N5 პენიტენციური დაწესებულების ექთანს ტესტი ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაციამდე, თუმცა პასუხი აცრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მინისტრის განმარტებით, ეს მიუთითებს, რომ მედდას კორონავირუსი ვაქცინაციამდე ჰქონდა.

„აღნიშნულ მედდას ტესტი ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაციამდე, ეს მიუთითებს იმას, რომ მას კოვიდინფექცია ჰქონდა ვაქცინაციამდე. ჩემთვის ცნობილია, რომ მას გაკეთებული ჰქონდა „პისიარ“ ტესტი და უბრალოდ, პასუხი მოვიდა ორი დღის შემდეგ, რაც მან ჩაიტარა ვაქცინაცია.

ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს მიღებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ვაქცინაციამდე სავალდებულოა ტესტის ჩატარება. შესაბამისად, ჩვენი მედპერსონალი მიყვება იმ დადგენილ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელიც გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს პირველ არხს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პენიტენციური დაწესებულების ექთნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე ინფორმაციით, ექთანი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.

ამასთან, პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს აცრამდე  ჯერ „პისიარ“ ტესტი, შემდეგ კი სწრაფი ტესტი გაუკეთდა და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ, აცრა ჩაუტარდა.