პენიტენციური სამსახური - ექთნის მდგომარეობა, რომელსაც „კოვიდ-19“ ვაქცინაციიდან მესამე დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია
პენიტენციური სამსახური - ექთნის მდგომარეობა, რომელსაც „კოვიდ-19“ ვაქცინაციიდან მესამე დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია

პენიტენციური დაწესებულების ექთნის მდგომარეობა, რომელსაც „კოვიდ-19“ ვაქცინაციიდან მესამე დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ექთანი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს აცრამდე  ჯერ „პისიარ“ ტესტი, შემდეგ კი სწრაფი ტესტი გაუკეთდა და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ, აცრა ჩაუტარდა.

„სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტირება, პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა, პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა „კოვიდ-19“-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ-19“, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება) თავად ექთანსაც გამოუვლინდა. იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა „კოვიდ-19“. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ „პისიარ“ ტესტირებას, 2020 წლის ოქტომბრიდან მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ „პისიარ“ ტესტირება, შუალედში კი, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.