ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, რუსული ვაქცინის მიღება არ განიხილება
გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, რუსული ვაქცინის მიღება არ განიხილება, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის გადანაწილებისა და პაციენტების უსაფრთხოდ აცრის საშუალებაც არსებობს.
„რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს ასევე „კოვაქს ფონდში“. თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, შეიძლება არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ მისი მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამაზე განხილვები არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება შენახვის პირობებს, მაცივრები გვაქვს. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა მნიშვნელოვანი აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. ეს ცივი ჯაჭვი სრულად აკმაყოფილებს იმ საჭიროებას, რომელიც არსებობს. ჩვენ გვაქვს სამივე ტიპის ვაქცინის მიღების საშუალება, შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, გეოგრაფიულად გადანაწილების და ასევე პაციენტების უსაფრთხოდ აცრის საშუალებაც“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.