ეკატერინე ტიკარაძე - ერთი დოზით აცრილებიდან, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვდა მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტებიდან 2,13 პროცენტი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩატარდა მოკვლევა, თუ რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე აცრილია თუნდაც ერთი დოზით.
როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ პირებიდან, ვისაც ვაქცინის ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული, კლინიკაში მოხვდა 2,85 პროცენტი, ხოლო ორჯერ აცრილებიდან ჰისპიტალში გადაყვანა დასჭირდა 2, 13 პროცენტს.
„იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, გავაკეთეთ მოკვლევა, ვინაიდან უკვე საკმაოდ იდი რაოდენობაა მოქალაქეების აცრილია. მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტებისა, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილნი და ამ კომპონენტში უკვე გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა და არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია კოვიდპანდემიის მართვასა და ინფექციისგან თავის დასაცავად.აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 831 815 აცრაა ჩატარებული, 16 აგვისტოს აიცრა 25 083 პირი.
რაც შეეხება აცრის სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ჩატარდა 7, 461 აცრა, აჭარაში – 2, 521, იმერეთში -1, 803, შიდა ქართლში – 591, ქვემო ქართლში – 327, გურიაში აიცრა 164 პირი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა 1,173 აცრა, მცხეთა-მთიანეთში აიცრა – 279, კახეთში – 290, სამცხე-ჯავახეთში – 175.