ეკატერინე ტიკარაძე - ექიმების რესურსის დეფიციტი არ გვაქვს, ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება
ექიმების რესურსის დეფიციტი არ გვაქვს, ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მობილიზაცია მომხდარია, მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა უსამსახუროდ დარჩენილი ექიმების მობილიზება, მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი გეგმა სამინისტროს არ აქვს.
„დღეს დადასტურებული ინფექცია გვაქვს 208, აქედან 48 გამოჯანმრთელებული, არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის არ იგეგმება დამატებითი მობილიზაცია, თუმცა რეანიმატოლოგები და ინფექციონისტები მოქმედი კადრები, მათი მობილიზაცია მომხდარია, მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული მუშაობა იყოს ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.