ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინის ის რაოდენობა, რაც თავდაპირველად გვაქვს შეკვეთილი, შეიძლება, ინდოეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ჩამოვიდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დღეს იმყოფება ინდოეთში, სადაც სამთავრობო მოლაპარაკებებს მართავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა ინდოეთში არსებულ სხვადასხვა მწარმოებელთან, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელს სხვა ქვეყნებშიც აქვს დაგეგმილი ვიზიტები.
„რომ არა ის წინდახედულობა და დაჭერილი თადარიგი, რომელიც ინდოეთის მთავრობასთან და ასევე, ინდოეთში არსებულ ვაქცინის მწარმოებლებთან გვქონდა, რა თქმა უნდა, ბატონი ალექსანდრეს ვიზიტი არ გაიმართებოდა. მისი ვიზიტი რეალურად, არის საბოლოო შედეგის მომტანი, რაც დაგეგმილი იყო ყველა იმ პროცესის შედეგად, რომელიც არა ერთი თვეა, საქართველოს და ინდოეთის მთავრობებს შორის ჩვენი ელჩების მეშვეობით მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, სადაც მისი მოადგილე, თამარ გაბუნია იმყოფებოდა, რატომღაც იყო აღქმა, რომ თითქოს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინდოეთში გაგზავნა მთავრობაზე ზეწოლიდან გამომდინარე მოხდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ეს არის მისი გეგმური ვიზიტი, რომელიც სამთავრობო დონეზე იმართება. მსგავსი ვიზიტები მთავრობის წევრებს არა ერთი ჰქონიათ და მომავალშიც ექნებათ. მთავრობა არანაირი ზეწოლისა და გავლენის ქვეშ არ ექცევა და ჩვენ ჩვენი გეგმის შესაბამისად ვმოქმედებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის შემდეგ ინდოელი მწარმოებლისგან „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზებიც მივიღოთ, ტიკარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს კონკრეტულ რაოდენობაზე.
„ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი და არ შეგვიძლია, გავაჟღეროთ ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს, ვინაიდან პირველი, რასაც ხელს ვაწერთ, არის გაუთქმელობის ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, ასე საჯაროდ სამთავრობო ვიზიტებიც ვერ ხორციელდება, ვინაიდან ამ გაუთქმელობის ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობაში მოვდივართ. მნიშვნელოვანია, თუ მსგავსი რამ საჭიროა, ადგილზე სამთავრობო ვიზიტი უკვე ბოლო ფაზაზე განხორციელდეს, როცა ქვეყნებს შორის, მწარმოებელსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. დღესდღეობით, სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს. ბატონი ალექსანდრე სწორედ ამიტომ არის ინდოეთში და ის რაოდენობა, რომელიც თავდაპირველად გვაქვს შეკვეთილი, შეიძლება, მასთან ერთად ჩამოვიდეს საქართველოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ელჩები ძალიან ინტენსიურად მუშაობენ პარტნიორ ქვეყნებთან და იმ ქვეყნებში, სადაც არის სხვა ვაქცინების წარმოება.
„მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი ელჩები ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან და იმ ქვეყნებში, სადაც არის სხვა ვაქცინების წარმოება. მათი შრომა და ღვაწლიც ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ძალიან კარგი შედეგები აქვთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენ ეტაპობრივად მივიღებთ იმ საჭირო ვაქცინებს 40% მოსახლეობისთვის, რაც საქართველოს დღესდღეობით ესაჭიროება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.