ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც შეიძლება, არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ იცავს ლეტალობისგან
ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც შეიძლება, არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ იცავს ლეტალობისგან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეგნებისა და სანდოობის დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინის მიმართ სანდოობა მოიპოვონ.
„თქვენ იცით, რომ არაერთი პიარკამპანია ჩაატარა ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებისა და ცნობადი სახეების ჩართულობით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც შეიძლება, არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ იცავს ლეტალობისგან. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეგნებისა და სანდოობის დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინის მიმართ სანდოობა მოიპოვონ და შესაბამისად, ეს გამყოლობა იყოს ნებაყოფლობითი. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს კამპანია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ქვეყანას დღეს აქვს ფუფუნება, მოქალაქეებს მიაწოდოს მათთვის მისაღები ვაქცინები.
„ჩვენი მოქალაქეები აფიქსირებდნენ იმას, რომ მათ არ უნდოდათ ის ვაქცინა, რომელიც მოწოდებული იყო და უნდოდათ სხვა, თუმცა დღეს არჩევანი იმდენად ფართოა, რომ ამასაც შეიძლება, დავაკვირდეთ, რამდენად იყო ვაქცინის ტიპი მნიშვნელოვანი, თუ იყო სხვა პრობლემები. მუშაობას გავაგრძელებთ ყველა ერთობლივად. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებისთვის შევძლებთ იმ ვაქცინის მოწოდებას, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია. ამის ფუფუნება დღეს ნამდვილად გაგვაჩნია“, – განაცხადა ტიკარაძემ.