კელი დეგნანი - მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა საქართველომ აშშ-სგან ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს
კელი დეგნანი - მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა საქართველომ აშშ-სგან ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო შეერთებული შტატების მხრიდან ვაქცინაციის დონაციის საკითხს და  განიხილეს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული თემები, ასევე ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ქვეყნების ეკონომიკის გახსნისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, აჩუქოს საქართველოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში, რათა მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც ვიხილეთ მსოფლიოს მაგალითზე, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი – სამსახურებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გამოიყენოს ეს შანსი. იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა, ქართველები გამოყენებენ ამ შესაძლებლობას და აიცრებიან“, – აღნიშნა დიპლომატმა.