ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 29 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 29 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაიმართება სხდომა, რომელზეც „სინოფართან“ დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება.
ამ დროისთვის „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული, თუმცა, ტიკარაძის თქმით, ეყრდნობიან იმ ქვეყნების მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს.
„29-ში გაიმართება დამატებითი სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენ არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გვაქვს ინფორმაცია, რომ „სინოფარმი“ არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს გამოყენებული. ასევე, ჩვენ ვეყრდნობით იმ მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, რომელ ქვეყნებშიც „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან.