ეკატერინე დგებუაძე - სკოლების მონიტორინგის პროცესში უშუალოდ ვართ ჩართული
ოთხი თვის შემდეგ, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მასშტაბით, სკოლის ზარი დღეს პორველად დაირეკა. სამივე ქალაქში სწავლა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. კერძოდ, ყველა ზრდასრულ პირს მოეთხოვება პირბადის გამოყენება, მოსწავლეებიდან კი მხოლოდ მე-5 დან მე-12 კლასებში იქნება სავალდებულო. იმ შემთვევაში, თუ მოსწავლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მშობელმა დირექციას, გამონაკლისის დაშვების მიზნით, ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართოს.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, მშობლებს ყოველ ოთხშაბათს დისტანციურ მეთოდზე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. სასწავლო პროცესის დაწყებისას, თბილისის 155-ე საჯარო სკოლაში უსაფრთოხოების ნორმების გაცნობის მიზნით, განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე იმყოფებოდა.
„როგორც იცით, განახლდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. მიმდინარეობს მონიტორინგი, უშუალოდ ვართ ჩართული მონიტორინგის პროცესში. სკოლა მზად არის, რომ ყველა წესი დაიცვას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის განსხვავებული წესები, რომლებიც განისაზღვრა მოსწავლებისთვის. ეს არის არჩევანის გაკეთება დისტანციურ სწავლებასა და დასწრებით სწავლებას შორის, პირბადის სავალდებულო ტარება მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით. სკოლამ მოახერხა, დაეორგანიზებინა ყველა პროცესი, რეგულაცია, რომელიც მოცემულია განათლების სამინისტროს მხრიდან. ვულოცავ მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნებას. კიდევ ერთხელ მივმართავ მშობლებს და ვთხოვ, ყველა წესი, რომელიც არის განსაზღვრული სასწავლო პროცესის დროს, იყოს დაცული და ცნობიერების ამაღლებაზე ერთობლივად ვიმუშაოთ. ასევე, სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, რომ ყველა რეგულაცია იყოს შესრულებული, რაც არის პრევენცია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.