ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა „სამართლიანობისთვის“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ბრიფინგი დამოუკიდებელ დეპუტატებთან, გედევან ფოფხაძესთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად გამართა.
მისი თქმით, სამართლიანობა არის არსი და მიზანი, რისთვისაც თანამოაზრეებთან ერთად, ახალ ეტაპს იწყებს.
„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და, რომლის დადებითად დაძლევის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა „სამართლიანობისთვის“. სამართლიანობა არის თავისთავადი ღირებულება. ეს არის იდეა, მთავარი არსი და მიზანი, რისთვისაც ვიწყებთ ახალ ეტაპს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ განმარტა, სამართლიანობა იყო ის იდეა და მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლის გამო თავის დროზე, მან და ბევრმა სხვა ადამიანმა, საკუთარი პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს იყო იდეა, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად, გაგვევლო ურთულესი 2004-2012 წლები, გაგვევლო ღირსეულად, რომელიც იყო ურთულესი წლები, იყო ბევრი სირთულე, მაგრამ იყო ის მთავარ იდეა, რომელმაც მოიტანა 2012 წლის პირველი ოქტომბერი. ის იდეა, რომელიც იყო გამაერთიანებელი, არის დღესაც დასაცავი, მისაღწევი, ბოლომდე მისაყვანი. ეს არის იდეა, რომელმაც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გზები გაყო „ქართული ოცნებისგან“. ეს არის მთავარი არსი, რომლის გამოც შეიქმნა გადაულახავი ბარიერი და ჩვენ მივიღეთ „ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ მთავარი ღირებულებებისა და მთავარი საკითხისადმი უპრინციპო დამოკიდებულებას შეიძლება, ემსხვერპლოს ყველაზე მთავარი და გადაყვეს მთელი ქვეყანა.
„ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ვერავინ მიიღებს იმას, რომ სამართლიანობა დადგეს საფრთხის ქვეშ. ამიტომ ჩვენ იქ ვართ, სადაც ვიდექით 2012 წელს ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად. დღეს ამ ვითარებაში ვხედავთ მოცემულობას, რომ ქვეყანა ორი პოლიტიკური ძალის ჭიდილისგან უნდა გამოვიდეს, უნდა შეიქმნას ახალი მოცემულობა და ძალა, რომელიც ყველა ასპექტს, ყველა საკითხს, ყველა სფეროს გადაწყვეტს სწორედ სამართლიანობის იდეით. დღეს დასაცავია ეს იდეა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ახალი გზა უნდა იყოს ყველა ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს განცდა, რომ ვერ აღიდგინა თავისი წილი სამართალი.
„ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, არ დავუკარგავ ამ საავტორო უფლებას პროფესორ მინდია უგრეხელიძეს. ეს არის ცნობილი ტრიადა, რომელზეც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო. ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცნობლად, ისე, როგორც ის არის, შეფასდება, მოცემულობას იღებ როგორც არის. სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა და ყველა საკითხი. სამართლიანობა – მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო. ეს არის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. მიგვაჩნია, ჩვენი საგარეო კურსი უნდა იყოს შეუქცევადი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ახალ პოლიტიკურ ძალაში იწვევს ყველას, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანობა, როგორც იდეა.
„ვიწვევთ ყველა თანამოაზრეს, ვისთვისაც ღირებულია სამართლიანობა, როგორც იდეა. ჩვენთვის ღირებულია ყველა იმ ადამიანთან ერთად ამ ბრძოლაში ყოფნა, რომლისთვისაც სამართლიანობა მთავარი მიზანია. ამიტომაც ვართ ბევრნი და ამიტომაც გვჯერა, რომ ეს პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.
„ჩვენ გვყავს ბევრი თანამოაზრე. რაც შეეხება ფინანსებს, დაინტერესების შემთხვევაში, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და შეძლებთ ინფორმაციის მიღებას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ ბრიფინგზე.