ეკა ბესელიამ ზაზა სარალიძეს მიმართა - ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, სადაც მსგავსი სიტყვებითა და ტერმინოლოგიით გამოვხატავდი პოზიციას
ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ინტერვიუს ან განცხადებას, სადაც მსგავსი სიტყვებითა და ტერმინოლოგიით გამოვხატავდი პოზიციას, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზაზა სარალიძის მიერ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.
სარალიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიამ ის დაადანაშაულა, რომ რაღაც პოლიტიკურ პარტიას მისცა თავის შვილით მანიპულირების საშუალება.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მას მსგავსი ტერმინოლოგიით არასდროს უსაუბრია.
„ერთი რამ სიცხადისთვის მინდა ითქვას, არ მინდა ამ დისკუსიაში შესვლა იმიტომ, რომ კომისიის სამუშაო მანდატს ძალიან ვუფრთხილდები, ამაზე თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია, ვისაუბროთ სხვა ფორმატში, უბრალოდ, აქვე რადგან საჯაროდ გაისმა ეს განცხადება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ის სიტყვები, რაც თქვენ თქვით და არ ვიცი ვისგან გაქვთ ეს ინფორმაცია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ეთერს, ვერც ერთ ინტერვიუს ან განცხადებას, სადაც რაც ახლა ბრძანეთ, არ მინდა, არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, სადაც მე მსგავსი სიტყვებით და მსგავსი ტერმინოლოგიით გამოვხატავდი პოზიციას.
თუ ასეთი არსებობს, შეგვიძლია, ეს მე და თქვენ გავიაროთ და მაჩვენოთ ასეთი გამონათქვამი. სამწუხაროდ, გაცილებით უფრო მძიმე შეფასებები მოვისმინეთ მეც და საზოგადოებამაც ამ საქმესთან დაკავშირებით და ის, რაც ითქვა იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ამ თემით არასწორი მიმართულებით თუ არასწორი მიზნით გამოყენების კუთხით, ამაზე განცხადებები ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა თავად გვარამიამ და არა მხოლოდ მან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა ზაზა სარალიძის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის სურვილი თავიდანვე გამოთქვა, მაგრამ ამ შეხვედრაზე უარი მიიღო.
„თქვენთან შეხვედრის მზაობა ჩვენმა გუნდმა მაშინვე გამოხატა. როგორც მახსოვს, იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, იყო ჩემი შემოთავაზებაც, როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით. ნებისმიერ დროს, როცა კი თქვენ ამის სურვილი გექნებოდათ, არასოდეს არც ერთი კარი დახურული თქვენთვის ჩვენი მხრიდან არ იყო და ეს ასე ღია იქნება, როცა თქვენ ამის სურვილი გექნებათ“, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომისიის სხდომაზე ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება და დეტალი აღინიშნა, რასაც შემდეგი დაკითხვების დროს იმ ადამიანებთან გადაამოწმებენ, რომლებიც გამოძიებას აწარმოებდნენ.
„ამ საქმეში არავითარი პერსონალური ინტერესი არავის არ გააჩნია. მეც და ჩემს კოლეგებსაც ნამდვილად გვაქვს მზაობა, გაირკვეს, მართლაც რა მოხდა და ვინ ვის აფარებს ხელს, ან რატომ აფარებს და აფარებს თუ არა და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ბესელიამ.