ეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილების პროექტი წარადგინა
დეპუტატმა ეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიციატივა წარადგინა.
ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, რომელიც დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ გამართეს,
როგორც ბრიფინგზე ითქვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკითხის მნიშვნელობა და გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
დეპუტატების განმარტებით, სამართლიანობისა და კონსტიტუციური გარანტიების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესია კანონის მიღება, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას ეყრდნობა.
„ინიცირებული პროექტი, „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ქმნის მაღალი ხარისხის გამჭვირვალობის გარანტიებს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში პროცესისადმი ნდობის აღდგენას. პროექტი საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ეყრდნობა შემდეგ მთავარ პრინციპებს: ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება; შერჩევის სამართლიანი პროცესი; სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები; არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები; ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები; პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები; პარლამენტის მიერ გამართული შერჩევის პროცესი; სამუშაო ჯგუფის შექმნა; დასაბუთებული უარყოფას უფრო კონკრეტულად: პროექტი ეფუძნება ღია კონკურსს ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება კონკურსში, ვისაც აქვს: შესაბამისი იურიდიული განათლება, 10 წლის პროფესიული გამოცდილება ასაკი 30 წელი, შეავსებს სპეციალურ ანკეტას, სადაც დეტალურად იქნება ყველა ინფორმაცია მითითებული და ამ სიას იუსტიციის საბჭო შესწავლის შემდგომ წარუდგენს პარლამენტს“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
კანონპროექტის ინიციატორების თქმით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნებიან არა პარლამენტის წევრები, არამედ სფეროს და პროფესიის დამოუკიდებელი და კვალიფიციური წარმომადგენლები, ადვოკატები, უფლებადამცველები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
„სამუშაო ჯგუფი ამზადებს ყველა საჭირო ინფორმაციას და გადასცემს რეკომენდაციებით კომიტეტს. ამ კანონპროექტით პროცესის მთავარი ეტაპი გადმოდის პარლამენტში და არა იუსტიცის საბჭოში. დეტალური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჯერ კომიტეტი და შემდგომ პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის მაღალი სტანდარტით. ამ ძირითად კრიტერიუმებთან ერთად დამატებით კრიტერიუმად მოსამართლეთა არჩევის დროს მითითებულია ასევე: საქმეები, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მუხლების დარღვევა და საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წელს აღიარებული პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების საქმეები. გათვალისწინებულია ასევე ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხველი გარემოებები“, – აღინიშინა ბრიფინგზე.
დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის მიზნით, არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ჯგუფების ფართო ჩართულობით.
„კონსულტაციებში მონაწილეობდნენ პროფესიული წრეების წარმომადგენლები, იურისტები; სფეროს ექსპერტები; ადვოკატთა ასოციაცია; იურიდიული ფირმების გაერთიანება; კოალიცია „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“. კანონპროექტის შემუშავების პროცესში განხილვები შედგა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის , პროექტ „პროლოგის“ USAID წარმომადგენლების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. მათი რეკომენდაიცები და მოსაზრებები იქნა გაზიარებული. კანონპროექტის საჯარო განხილვები პარლამენტში ინიცირების შემდგომაც გაგრძელდება, რადგან ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთო სახალხო ლეგიტიმაციის მოპოვება, რათა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
ინიციატივას ხელს აწერს 13 დეპუტატი: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე ამირან წიკლაური, გია ჟორჟოლიანი.