ეკა ბესელია - ყველა პრინციპი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში დარჩა, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განმარტავს, რომ ყველა პრინციპი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში ხანგრძლივი კონსენსუსის ძებნის პირობებში დარჩა, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიამ ცვლილებების მომზადების პროცესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი კანონპროექტზე მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა და ვინც ინიციატივით დაინტერესებული იყო, შესაძლებლობა ჰქონდა, პროცესში ჩართულიყო.
„ვინც ამ პროექტის ინიციატორი იყო, შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი მოსაზრებები და შეხედულებები გამოეთქვა როგორც პროცესის დროს, ასევე, საკომიტეტო განხილვისას. ბუნებრივია, ვისაც როგორი პოზიცია აქვს, ამას გამოხატავს. ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილებაზე მომდევნო კვირაში შევჯერდებით, როცა მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყება.
პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ყველა პრინციპი, რომელიც პროექტში ხანგრძლივი კონსენსუსის ძებნის პირობებში დარჩა, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ეს პრინციპები ევროპის ქვეყნების ბევრ მაუწყებელს აქვს. ეს ეხება, როგორც კომერციულ რეკლამას, ასევე, საშეღავათო პირობებს. შესაბამისად, შეუსაბამო არაფერია. მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მხარდაჭერისთვის გავაკეთეთ. კერძოდ, იმ ტელევიზიისთვის, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მხარდაჭერა ტელევიზიას ჰქონდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის მიერ რომან კაკულიას მიმართ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ საკითხის დეტალებში არ შევა, ცვლილებების ინიცირებას ხელი ვინ როგორ მოაწერა.
„პარლამენტის წევრები ვართ და ყველას ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ ამ დისკუსიასა და განსჯაში არ შევალ. ყველა პასუხისმგებელი ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოზიციებზე ვართ, რომელიც შეიძლება ზოგჯერ განსხვავებული იყოს, მაგრამ მგონი, მაღალი პასუხისმგებლობა ყველას გააზრებული გვაქვს. რაც შეეხება შეფასებას, დეტალებში შეგნებულად არ შევალ. სამუშაო ჯგუფი ერთი წელი მუშაობდა. როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ, რისი ინიციატორი ვიყოთ, რისი არა და რაღაც გადაწყვეტილებას ხელს ვაწერთ, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობას თითოეული დეპუტატი ვიღებთ, რომელიც თავის თავში ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ატარებს. ამ განსჯაში არ შევალ, მგონი, ცოტა უხერხულია. ყველამ თავად უნდა განმარტოს მის მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილების შესახებ. მიმაჩნია, რომ რეფორმის პროცესში ამ ტელევიზიისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებას მოლოდინი გაუმართლდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორთა შორის იყო, თუმცა შემდეგ ხელმოწერა უკან წაიღო. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ როდესაც კაკულიამ, როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, ხელმოწერა გააკეთა, იგი შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანეს.