ეკა ბესელია - ვიყავი ხელისუფლებაში, ვიყავი თანამდებობაზე და თუ მინდოდა, იქ დავრჩებოდი
როგორც ახლა თქვენ გიყურებთ, ძალიან ნათლად, ისე ვხედავ ჩვენს შანსებს და 2020 წლის არჩევნებზე შედეგების დროს გაგახსენებთ ამას, – განაცხადა პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის შანსზე საუბრისას.
„მე ამ შედეგს ვხედავ“, – აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რამდენად აქვს შანსი ახალ პარტიას, რომ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ამომრჩეველი მიიმხროს, რადგან მის განცხადებებში არ ჩანს ისეთი იდეები, რომელიც მიზიდულობის ცენტრს შექმნიდა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამგვარი განცდა გასაკვირი არ არის, რადგან ყველაფერი ახლა იწყება.
„ჯერ პროცესია და ვნახოთ, ამ პროცესში რამდენად თვითკმარი იქნება ეს ახალი ძალა. საკმაოდ დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ. იმ დროშიც იმაზე მეტი ვნახე, ვიდრე შეიძლებოდა, ერთ პოლიტიკოსს ენახა და ამიტომ, ქართულ რეალობას ვარდისფრად არ ვუყურებ. ვითარებას საკმაოდ რეალისტურად ვაფასებ. გარდაუვალი აუცილებლობა ეს არის თავისუფლება. ჩვენ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე ვართ და რაღაც უნდა შეიცვალოს. აქ არის არჩევანი – შეგიძლია, შენი როლით ამ ცვლილებებში მიიღო მონაწილეობა და ამაში ძალიან ბევრი ადამიანის თანამონაწილეობის შესაძლებლობას ვხედავ“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის არც რიგითი კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილა და არც ის ადამიანი, რომელსაც მარტივად ეტყოდნენ, რა როგორ უნდა გაეკეთებინა და მასთან ერთად, ამ პროცესში მყოფმა ადამიანებმა ასევე აჩვენეს, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც შეიძლება, საზოგადოება ენდოს.
„ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს სურვილი, ხელისუფლება სამართლიანობისთვის შეიცვალოს და არა იმისთვის, რომ თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში. მე ხომ ვერავინ მეტყვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლა მინდა?! მე ხომ იქ ვიყავი?! ჩემთვის არავის არ უთქვამს მიბრძანდითო. მე ვიყავი ხელისუფლებაში, ვიყავი თანამდებობაზე და თუ მინდოდა, იქ დავრჩებოდი, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით მე გეუბნებით, რომ ჩემთვის ეს არ არის მთავარი. იმიტომ, რომ თუ არჩევანის წინაშე დამაყენებთ და მეტყვით, სამართლიანობა, თუ ხელისუფლებაში და კომფორტში ყოფნა, მე ეს არჩევანი უკვე გავაკეთე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.