ეკა ბესელია - ვფიქრობ, კითხვები მოხსნილია და ცხადია, რომ აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და პოლიტიკური ჯგუფი იდგნენ
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის გუშინ გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ორგანიზებას ეხებოდა, იმის დადასტურებას ნიშნავს, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობა თავიდანვე საუბრობდა.
ეკა ბესელიას განცხადებით, ის ფიქრობს, რომ კითხვები მოხსნილია და აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“, შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი იდგნენ.
„ეს აღიარება ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. პირველივე დღიდან ეს ძალიან ნათლად ჩანდა და ჩვენც ამას მივუთითებდით, რომ სამწუხაროდ ეს ტრაგედია „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის მხრიდან და ნათელაშვილის თუ სხვა პარტიების მხრიდან, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზებას აკეთებდნენ, იყენებდნენ და ისინი ედგნენ სათავეში. ეს გუშინ პირდაპირ დაადასტურეს. არ ვიცი ბატონი ზაზა სარალიძე რატომ განაწყენდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ამ ტრაგედიას იყენებდნენ ეს ადამიანები. ეს ღიად დაადასტურა გუშინ როგორც გვარამიამ, ასევე ნათელაშვილმა.
როდესაც ჩვენ ზუსტად ამას ვამბობდით, ძალიან ხელოვნურად ჩანდა საპირისპირო პოზიციის მტკიცება. გუშინდელი განცხადებების შემდეგ თუკი ვინმეს დარჩა კითხვა, ეს ასე იყო თუ არა, მგონი ეს კითხვები მოხსნილია და ცხადია, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ტელევიზია „რუსთავი 2“, შალვა ნათელაშვილი და სხვა რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნასთან გასაგები მიზეზების გამო არ ჩანდნენ, რადგან, როგორც ნათელაშვილი ამბობს, საქმე შვილმოკლულ მშობლებს ეხებოდა.