ეკა ბესელია - უკვე შეგვიძლია, კარგად დავინახოთ ის ახალი რეალობა, რომელშიც ვართ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტების დღევანდელ სხდომაზე მინისტრების გამოსვლაში ძალიან საყურადღებო იყო ის აქცენტები, რომელიც აჩვენებს, როგორია მთავრობის განახლებული შემადგენლობის ახალი ხედვა.
მისივე თქმით, ობიექტურ შეფასებებს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, რათა სწორად დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია 2013 წლიდან და გრძელდება და აქვს ხელშესახები შედეგები.
„ვისაც არ უნდა ამ შედეგების დანახვა და აღიარება, ეს არის მისი პრობლემა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან ღიად, როგორც ამ რეალობაზე, რაც გვაქვს და რაც არის უდაოდ დიდი პროგრესი, დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების და თავისუფლების კუთხით, კანონმდებლობის ჰუმანურობისა და ლიბერალიზაციის კუთხით. ასევე, კარგად ვხედავთ იმ ძალიან საინტერესო ნაბიჯებს, რომლებიც რეფორმების კუთხით ამ უწყებებში იგეგმება. ბუნებრივია, ჩვენთვის იყო საინტერესო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა გამომსვლელ მინისტრებს, რომლებმაც უწყებების რეფორმებზე და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს.
„ასე რომ, ჩვენ ასევე ველოდებით იმ ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, რომელზედაც ერთად მოგვიწევს ასევე მუშაობა. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ საინტერესო დისკუსიისთვის და ვფიქრობ, რომ უკვე შეგვიძლია კარგად დავინახოთ ის ახალი რეალობა, რომელშიც ვართ, ვისაც უნდა ამის დანახვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.