ეკა ბესელია - საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადებას მხარს თუ არ დაუჭერს, ეს იქნება მნიშვნელოვანი წითელი სიგნალი
თუ საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი წითელი სიგნალი იქნება, რათა დავინახო, შეგვიძლია თუ არა ჩვენ, შემდეგი ნაბიჯები ერთად გადავდგათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
ამ განცხადებით ეკა ბესელიამ ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვას უპასუხა, დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას იმ შემთხვევაში, თუ მის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
როგორც ბესელიამ განაცხადა, მოსამართლეთა უვადოდ განწესებისთვის დღეს მზად არ ვართ, რაც პრაქტიკამ აჩვენა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას იმედი, რომ მოსამართლეთა უვადოდ განწესების გადავადებასთან დაკავშირებულ ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ბესელიამ აღნიშნა, რომ თუ მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, მათ გაუჭირდებათ საზოგადოებას აუხსნან, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი.
„რთული სიტუაციაა. ბევრს უნდა, მხარი დაუჭიროს და გაჩნდა კითხვები, კონსტიტუციურია ეს თუ არაკონსტიტუციური, მაგრამ ამაზე ბევრს ნუ ვიწვალებთ. ნუ წავართმევთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავის საქმეს. კონსტიტუციურობის გაზომვა ეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეა. ცუდი კი არ არის, კონსტიტუციას რომ ხშირად ვახსენებთ?! პირიქით, კარგია და რა თქმა უნდა, კანონებს კონსტიტუციის ჭრილში უნდა შევხედოთ, მაგრამ ეს ცოტა ზედმეტად დრამატიზება მგონია. კანონი ეს არის პოლიტიკის და მორალის ნაჯვარი და როცა გადაწყვეტილებას იღებ, კანონმდებელმა პოლიტიკური აუცილებლობით, მოცემულობით და ზნეობრივი სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელო“, – განაცხადა ბესელიამ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა, როცა გარდამავალი სამართლიანობის პროცესი ამუშავდა და მოსამართლეთა კორპუსი მთლიანად არ ჩანაცვლდა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ როგორც ამ გადასახედიდან ჩანს, არასწორი გზა იყო არჩეული.
„თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ იმ ეტაპზე სისტემის მთლიანად შეცვლა, ალბათ, ძალიან რთული იყო. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, პირველივე თვე პოლიტპატიმრების სიაზე და ამნისტიის კანონზე ვიმუშავე. შემდეგ, 2016 წელს, რეჟიმის შეფასება რომ გავაკეთეთ, სასამართლოზე პირდაპირ ვთქვით, რომ ის იმ ძალადობრივი რეჟიმის მთავარი ნაწილი იყო. მსხვერპლი კი არ იყო, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი იყო. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ცვლილება სასამართლო ხელისუფლების შიგნით და ყველა არა, მაგრამ ალბათ, უნდა შეცვლილიყნენ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ დავალებებს აღტაცებით და სიამოვნებით ასრულებდნენ და არა წუხილითა და განცდებით“, – განაცხადა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მოხდა ისე, რომ პოლიტიკური არჩევანი ეტაპობრივ ცვლილებაზე, მეორე გზაზე გაკეთდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაგვიანდა.
„ამ ცვლილებების მიღება იმდენად წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა, რომ რეფორმები გატარდა, სასამართლოს მაქსიმალურად დემოკრატიული ცვლილებები შევთავაზეთ და მათ ეს მიიღეს, მაგრამ შემდეგ თქვეს, ეს მოსამართლეები ახლა უვადოდ უნდა დავნიშნოთო. სწორედ აქ მოხდა ყველაზე მტკივნეული პროცესი და ახლა უკვე მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. თავისი შედეგებით ეს სასამართლო ხელისუფლება შენს მოქალაქეს რომ არ მოსწონს, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ან უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ, ან უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის მარცხი. მე არ მინდა ამის აღიარება, რომ ეს მარცხია. ამიტომ, უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.