ეკა ბესელია - სკოლამდელი აღზრდის რეფორმა შედეგის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია
სკოლამდელი აღზრდის ოთხწლიანი რეფორმა ყველაზე ხანგრძლივი და შედეგის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეფორმაა. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.
ბესელიას თქმით, საბჭო რეფორმის განხორციელების პროცესს უწევს ზედამხედველობას და სტანდარტების დაცვის კუთხით, მისი მიმდინარეობისა და ეფექტიანობის შესახებ უწყებების ანგარიშს ისმენს.
“რეფორმა ყველა ბავშვისთვის იძლევა საუკეთესო სტანდარტების მიღების საშუალებას. რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფოსგან ძალიან დიდი მზრუნველობა და რესურსი სჭირდება. ახალი კანონით განათლების ერთიანი სისტემა დამკვიდრდა და ყველა ბავშვი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ერთიანი სტანდარტით ისწავლის. განათლების საფეხურების მიხედვით სკოლამდელი დაწესებულება პირველ საფეხურად გამოცხადდა. როცა ვსაუბრობთ, რომ გვინდა გვყავდეს რაც შეიძლება მომზადებული თაობა და გვქონდეს არაძალადობრივი გარემო, ამის პირველი საფეხური სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების სისტემაა, შემდეგ კვება, ჰიგიენა, ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, სახელმწიფო დაწყებული რეფორმის განსახორციელებლად და დასანერგად მაქსიმუმს აკეთებს.