ეკა ბესელია - შთამბეჭდავი მხარდაჭერა გვაქვს, რასაც ვუყურებ, როგორც პასუხისმგებლობას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის მეორე ვადაა და ასეთ დროს განწყობები უფრო კრიტიკული ხდება, მაგრამ მმართველი ძალის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა შთამბეჭდავია.
ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია NDI-ს პოლიტიკური კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა კვლევის შემდეგ მარადიული კითხვა ისმის, ენდობიან თუ არა შედეგებს და ამაზე მუდმივად ერთი პასუხია.
„ციფრებთან დაკავშირებით ცდომილება ყოველთვის არის და ალბათ სიზუსტის მოლოდინი არავის აქვს. ამ ციფრებს არავინ უყურებს, როგორც აბსოლუტურ მოცემულობას. ყველა არჩევნები განსხვავებულ მოცემულობას აჩვენებს. სახასიათო და ნიშანდობლივი ტენდენცია რაც ჩანს, ისაა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მუდმივად აქვს. ეს ციფრებში როგორაა გამოხატული, ამასთან დაკავშირებით ბოლო არჩევნების შედეგებს დავეყრდნობოდი. ტენდენცია იგივეა – მმართველ ძალას იგივე მხარდაჭერა აქვს, ხოლო ოპოზიციურ სპექტრში განწყობები გადანაწილებულია. საინტერესოა, ტენდენციები იმის თაობაზე, მოსახლეობას რა აწუხებს და მათი ფიქრისა და წუხილის საგანი რა არის. ბედნიერი ვიქნებოდი, თუ არც ერთ კვლევაში სოციალური პრობლემები არ იქნებოდა. მოტივირებული ვართ იმაზე, რომ მოსახლეობის გამოწვევების დამარცხება მოხდეს. ჩვენი ხელისუფლების მეორე ვადაა და ასეთ დროს განწყობები უფრო კრიტიკული ხდება, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა შთამბეჭდავია, რაც სატრაბახო არ არის, რადგან ამას ვუყურებ, როგორც პასუხისმგებლობას, გამოწვევასა და ვალდებულებას“, – აღნიშნა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების იმდენად აქტიური კამპანია წარიმართა, რომ ყველა ოლქი თავის მაჟორიტარს უნდა იცნობდეს.