ეკა ბესელია - სასტიკი რეჟიმის ქმედებები იმდენ ადამიანს შეეხო, რომ ყველას მიმართ უფლებების აღდგენა ვერ მოხდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, სასტიკი რეჟიმი იმდენად ბევრ ადამიანს შეეხო, რომ ჯერ კიდევ რჩება ბევრი ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც უფლების აღდგენა ვერ მოხდა.
ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მეტი განმარტება უნდა გააკეთოს.
„პრეზიდენტის მხრიდან მეტი სიცხადისთვის და გარკვევისთვის, მეტი განმარტება იქნებოდა საჭირო. რაც შეეხება საკითხს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირებისთვის, მათი რეაბილიტაციისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, ბევრი რეკომენდაცია გაიცა და პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო“, – აღნიშნავს ბესელია.
კანონმდებლის თქმით, თუკი რაიმე ისეთი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რომელიც უფლებების თვალსაზრისით, მსხვერპლს შვებას მისცემს ან დახმარებას გაუწევს, ამას მხოლოდ მიესალმება.
„სასამართლო და საგამოძიებო პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა იმდენად ბევრი ადამიანი იყო დაზარალებული და სასტიკი რეჟიმის ქმედებები იმდენ ადამიანს შეეხო, მესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი ვის მიმართაც უფლების აღდგენა ვერ მოხდა. ვხედავთ, რომ ამ მხრივ გამოწვევა ესაა და ძალიან რთულია, მაგრამ სასამართლოში თუ საგამოძიებო ორგანოებში ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს“, – დასძენს ბესელია.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გირგვლიანის შესწორებების” განხორციელების ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც საუბარს შეძლებდა, ხელთ არ აქვს.