ეკა ბესელია - სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინსიტროებში 2013 წლამდე არსებული ხარვეზები დღეს აღმოფხვრილია
ხარვეზები, რომელზეც აუდიტის სამსახური სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში 2013 წლამდე პერიოდის ანგარიშში წერდა, დღეს აღმოფხვრილია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებული შემოწმების ანგარიშებზე იმსჯელეს.
მისი თქმით, ამ უწყებებში 2013 წლამდე ძალიან მძიმე დარღვევები იყო საიდუმლო შესყიდვების თვალსაზრისითაც და ზოგადად ტენდერების კუთხითაც.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, 2013 წელთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითი სურათია სახეზე.
„ის პრობლემები, დარღვევები, ხარვეზები, რომელზეც აუდიტის სამსახური წერდა ამ უწყებებში 2013 წლამდე პერიოდში, დღეს ეს პრობლემები აღმოფხვრილია. ანგარიშში არის უდავოდ რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი დინამიკა და სურათი. არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმალური შემადგენლობაც კი არ იკვეთება. მთლიანობაში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, რათა დაგვენახა ამ დადებითი დინამიკის და დადებითი ტენდენციების უფრო ღრმა შინაარსი. ძალიან მძიმე დარღვევები იყო 2013 წლამდე ამ უწყებებში საიდუმლო შესყიდვების თვალსაზრისითაც და ზოგადად ტენდერების კუთხითაც. ამიტომ, ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ უწყებებს დახვდათ 2013 წლიდან, ბოლო წლების აუდიტორული შეფასებები და შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი და ყველა ის ძირითადი სისტემური პრობლემა აქვთ აღმოფხვრილი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, უკვე სრულდება რეკომენდაციები, რომელიც ამ უწყებებს ეძლევათ უფრო მეტი ეფექტიანობისა და კიდევ უფრო უკეთ მართვისთვის.
„ამიტომ არცერთ შესყიდვასთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ამ მხრივ არ არის რაიმე კითხვის ნიშნები და მთლიანობაში პროცესს, რასაც ვაკვირდებით, ამ ბოლო კვლევებით დასტურდება, რომ არის დადებითი“, – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.