ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომებზე დასწრებას არ აპირებს
ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომებზე დასწრებას არ აპირებს

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის არც ერთ მომდევნო სხდომას არ დავესწრები, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ამ სამუშაო ჯგუფში არ უნდა იმსჯელონ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე.

​„იმ სამუშაო ფორმატში, რომელიც შექმნილია 2017 წლიდან სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის სახით, არ უნდა მოხდეს კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით მსჯელობა. ამ კანონპროექტის დაწერაში არ უნდა მონაწილეობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც შესაძლოა, ისევ ხედავენ თავიანთ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. პირადად არ ვაპირებ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას და არ მივიღებ არც ერთ შემდეგ სხდომაში მონაწილეობას.

განსხვავებული მოსაზრება დღევანდელ სხდომაზე არ მომისმენია. მე ჩემი აზრი გითხარით. არ ვაპირებ იმ ფორმატში მისვლას, განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, როდესაც ცალკეული მოსამართლეები პოლიტიკურ დებატებში შემოდიან. მათ ეთიკურობის აბსოლუტურად ყველა სტანდარტი დაარღვიეს და უდიდესი დარტყმა მიაყენეს იმ რეფორმას, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვახორციელებდით. ამიტომ მგონია, რომ იმ სრულიად ზღვარგადასული განცხადებების შემდეგ, რომელიც მოსამართლეებმა ბოლო დღეების განმავლობაში აკეთეს, საერთოდ დაკარგეს ამ პროცესში მონაწილეობის ლეგიტიმაციის მანდატი, ამიტომ კეთილი უნდა ინებონ და დაელოდონ, პარლამენტი რა კანონს მიიღებს. მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაშიც ჩვენ არ ვერევით, არ უნდა ჩაერიოს პარლამენტის გადაწყვეტილებაში და მან არ უნდა წეროს კანონები. ჩვენ ეს პრინციპულობა უნდა გამოვიჩინოთ. ასე რომ, მე არ ვაპირებ იქ მისვლას. ვინც მივა და ამის სურვილი აქვს, მშვიდობაში.

ჩვენ შეგვიძლია არაფორმალურად გავაკეთოთ სამუშაო ფორმატი პარლამენტში, ამაზე დღეს იყო საუბარი და პარტიის თავმჯდომარეც ამ იდეას უჭერდა მხარს,” – განაცხადა ბესელიამ.