ეკა ბესელია - პარლამენტი მზად არის, კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა გაზარდოს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე გამჭირვალე და მონაწილეობითი საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის პრაქტიკულ გზებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭირვალეობა და პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კანონშემოქმედებით პროცესში პარლამენტი მზადაა გაზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა.
„მზადყოფნა გვაქვს იმის, რომ პარლამენტს სურს კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა გაზარდოს. ეს გამოიხატება პარლამენტის სამოქმედო გეგმაშიც და ჩვენს საქმიანობაშიც. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ამ შეხვედრამ სასარგებლო, პრაქტიკული წვლილი უნდა შეიტანოს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო პროცესში, პარლამენტი ქმნის ღია სივრცეს და კარგ გარემოს მოქალაქეების მეტი ჩართულობისათვის.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ODIHR–ის ექსპერტებმა ავსტრიიდან, ხორვატიიდან და ესტონეთიდან. მათ განიხილეს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა და წახალისება პრაქტიკის მაგალითებზე, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ცვლილებები მომზადდა ღია და გამჭირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი, UNDP და IDFI.
ღონისძიება ეფუძნება 2015 წელს OSCE/ODIHR–ის მიერ საქართველოს საკანონმდებლო პროცესის შეფასებას, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა და ითვალისწინებს საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესის რეგულირებისა და მის პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზს.