ეკა ბესელია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის იდეა პროგრესული, გაბედული და საჭირო გადაწყვეტილებაა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის იდეას პროგრესულ, გაბედულ და საჭირო გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც პირველ არხს ეკა ბესელიამ განუცხადა, მთავარი მიზანი რისთვისაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი უნდა შეიქმნას, ესაა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, გამოძიების მიმართ ნდობის გაზრდა, წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიება და პრევენცია.
მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ინსპექტორის ოფისი ერთ-ერთი წარმატებული მოდელია.
„ეს სერიოზული მექანიზმი და მანდატია. მისი მთავარი პრინციპი დამოუკიდებლობის ხარისხია და იდეა სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებაშია, რომ მას მაღალი დამოუკიდებლობა, სანდოობა და ეფექტური მექანიზმი ჰქონდეს. პერსონალური დაცვის ინპექტორი ასეთია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გარანტია“, – განაცხადა ბესელიამ.