ეკა ბესელია - საარჩევნო გარემო აშკარად შეიცვალა და მშვიდი საარჩევნო კამპანია აგრესიული სახის მიღებას იწყებს
ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ახლა ნერვებმა უმტყუნოს, რადგან როცა ძალაუფლებას ემშვიდობები და მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახარ, ეს ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე შემთხვევით არიან მოხვედრილები, არის უდიდესი ფსიქოლოგიური გამოცდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების საკითხზე განაცხადა.
„იმედი მქონდა, რომ ქვის ხანიდან გამოვედით და ის ეპოქა დასრულდა, როცა საარჩევნო სუბიექტებს ქვებით ხვდებოდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი მანკიერი რაღაც ისწავლა და შესაძლოა, მიაჩნიათ, ასეთი მეთოდების გამოყენება ნორმალურია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. თუ ამ მოვლენებთან იდენტიფიცირება და საკუთარი თავის გაიგივება არ უნდათ, რომელიც უთუოდ ძალიან საზიანო და სახიფათოა, ამის პასუხია, ამ პროცესს არამხოლოდ სწრაფად გაემიჯნო, არამედ გამოავლინო, ვინ შეიძლება მოქმედებდეს თანამედროვე სამყაროში ქვების სროლით პროტესტის გამოხატვის როლიდან. ამას სჭირდება არა ვიშვიში, არამედ სწრაფი რეაგირება. რასაც ვუყურებ, საარჩევნო გარემო აშკარად შეიცვალა და მშვიდი საარჩევნო კამპანია აგრესიული სახის მიღებას იწყებს“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება.
„რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, ალბათ, უფრო შეიძლება იყოს მწვავე კერები. ამიტომ, სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთონ, რომ პარტიულ დღის წესრიგს გაემიჯნონ. ყველაზე მეტად გამოცდის წინაშე დადგებიან საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები და ტყუილად არ ყოფილა აშშ-ის ელჩის შეხვედრა გენპროკურორთან. ალბათ, იმ შეხვედრის ერთადერთი მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ ის, რომ ამ ვითარებაში საგამოძიებო ორგანოებს აქვთ განსაკუთრებული როლი, მოახდინონ სწრაფი და სამართლიანი რეაგირება ასეთ ქმედებებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ახლა ნერვებმა უმტყუნოს, რადგან როცა ძალაუფლებას ემშვიდობები და მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახარ, ეს ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე შემთხვევით არიან მოხვედრილები, არის უდიდესი ფსიქოლოგიური გამოცდა. შეიძლება, ამ ცდუნებას და ამ გამოცდას ბევრმა ვერ გაუძლოს“, – განაცხადა ბესელიამ.