ეკა ბესელია - როცა გრიგოლ ვაშაძე გყავს კანდიდატი, ერთხელ მაინც დავუსვათ კითხვა, რომელი ქვეყნის ინტერესებს იცავდა ომის პერიოდში, საქართველოს თუ რუსეთის, რომლის მოქალაქეც იყო
როცა გრიგოლ ვაშაძე გყავს კანდიდატი, ადამიანი, რომელიც ზუსტად ომის პერიოდში იმავდროულად, რუსეთის მოქალაქე იყო, ერთხელ მაინც დავუსვათ კითხვა – რომელი ქვეყნის ინტერესებს იცავდა, საქართველოს თუ, რუსეთის, რომლის მოქალაქეც იყო?! – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
მისი თქმით, ის ყველაფერი, რაც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მისამართით ხდება, თითიდან გამოწოვილი და ყალბია.
„ეს არის ფარსი, რითაც ეს ადამიანები კამპანიას ატარებენ“, – განაცხადა ბესელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა ის ალბათობას, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებებით საარჩევნო ფონის გამწვავებას თავადაც შეუწყო ხელი, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებით, ბოლოს გაკეთებულ განცხადებებში აგვისტოს მოვლენებთან, ომთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა, სადაც ეს მოვლენები პირდაპირ იყო სახელდარქმეული.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს დემოკრატიული, ცივილიზებული და თავისუფალი არჩევნების პირობებში ვერანაირი შედეგის მიღწევა ვერ წარმოუდგენიათ და მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლებში დაფრინავენ, რეალობას მაინც აცნობიერებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში არავინ დააბრუნებს.
„მათ სულიერი ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს დღენიადაგ ესიზმრება, ამ ქვეყანაში არეულობა, რევოლუცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს და ამ ფონზე რაღაც მოახერხოს. ეს არის ის ერთადერთი სცენარი და ვერსია, რისთვისაც ისინი ემზადებიან და მთელი ეს კამპანია სწორედ აქეთ არის მიმართული, მაგრამ ეს სრულიად არაჯანსაღი ვითარებაა. ქვეყანას მშვიდი, კულტურული, ცივილიზებული და დემოკრატიული განვითარება სჭირდება“, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ თუ ვინმეს ამ ქვეყანაში დაბრუნების შანსი არ აქვს, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი კანდიდატია.
„ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან. ამ ძალამ ქვეყანას უდიდესი ვერაგობა მოუტანა, ამ რეჟიმის დასრულებას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა და ამ რეჟიმის წინააღდეგ ბრძოლას ჩვენ, ყველანი იმისთვის არ ვეწირებოდით, რომ ისინი თავიანთი ვერაგული ზრახვებით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ბესელიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის მეორე ტურის ალბათობას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ამას არჩევნების შედეგები აჩვენებს, მაგრამ მისი აზრით, მეორე ტურის საჭიროება არ იქნება და სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.