ეკა ბესელია - პაატა სილაგაძე ერთ-ერთი მთავარი ჯალათია, რომელიც ბოლო ლურსმნებს აჭედებდა უსამართლობის დიდ სისტემას
ეკა ბესელია - პაატა სილაგაძე ერთ-ერთი მთავარი ჯალათია, რომელიც ბოლო ლურსმნებს აჭედებდა უსამართლობის დიდ სისტემას

პაატა სილაგაძეს პარლამენტი თუ ხმას მისცემს, ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულება უნდა დაბნელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძის შეფასებისას განაცხადა.

ეკა ბესელიას შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი „ერთ-ერთი მთავარი ჯალათია, რომელიც უსამართლობის დიდ სისტემას ამაგრებს“.

„პაატა სილაგაძე ერთ-ერთი მთავარი ჯალათი გახლავთ. დღეს ამ სიტყვას არ მოვერიდები. მიუხედავად იმისა, რომ ვერიდები ხოლმე მოსამართლეებთან დაკავშირებით მძიმე ეპითეტებს. მკაცრად კი ვაკრიტიკებ, მაგრამ ამ სიტყვებს ნაკლებად ვიყენებ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი ჯალათი გახლავთ, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა ხოლმე უსამართლობის ძალიან დიდ სისტემას და ამ სისტემას ამაგრებდა თავისი გულცივი და სასტიკი დამოკიდებულებით. მათ შირის არასრულწლოვანთა საქმეებზე ახლა რომელზეც საუბრობდა. ეს მოსამართლე გახლდათ 10-კაციან, პარტიზანულად გამოგზავნილ სიაშიც. ის აქ მეორედ შემოიყვანეს იმ გარანტიით, რომ მას აირჩევენ. თუ მას პარლამენტი ხმას მისცემს ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულება უნდა დაბნელდეს. ახლაც, უფლებამოსილება უკანონოდ აქვს გაგრძელებული, რადგან ვადა გაუვიდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისე გაუგრძელა ვადა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. აქ არის მოსამართლე, რომელსაც არანაირი მანდატი არც ნდობის და არც კანონიერების არ გააჩნია. ერთ-ერთი ჯალათი გახლავთ ვინც კი სასამართლო სისტემაში ვიცი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენს.