ეკა ბესელია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გავაერთიანოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა.
ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე გადის.
ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ეს ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დღეს ბრიფინგზე წარუდგინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. დადგენილების პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს, პარლამენტს გადაეგზავნება.