ეკა ბესელია - მთავარია, გაეცეს პასუხი კითხვებს, ვინ დგას ამ ჩანაწერების უკან, ვინ დაამონტაჟა, ან რა პოლიტიკური ზრახვები ამოძრავებდათ
ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ მიიღებს კრიტიკის გარეშე იმ ჩანაწერებს, რომლის არაავთენტურობა უკვე დაადასტურა ბრიტანეთის ერთ-ერთმა საუკეთესო ექსპერტიზის ბიურომ, ამიტომ ჯერ საჭიროა, დადგინდეს მასალების ნამდვილობა და სერიების გავრცელებას სჯობს, ამ ჩანაწერების ავტორებმა მასალები საგამოძიებო უწყებებს გადასცენ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის თქმითაც, ლონდონის ერთ-ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია.
ეკა ბესელიას თქმით, უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაამონტაჟა აღნიშნული ჩანაწერი, არის თუ არა სხვა მასალებიც ფაბრიკაციაც და რა პოლიტიკური დაინტერესება იყო მსგავსი სცენარის გატარებისას.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჩანაწერების გავრცელება მას ჩანაწერებით ომს აგონებს, რომელიც ბესელიას თქმით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ხელწერას ჰგავს.
„სანამ კიდევ ახალი ჩანაწერები დაიდება, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა მათი ნამდვილობის შესახებ, არის თუ არა ნამდვილი, დაუმონტაჟებელი და უტყუარი. მაშინ, როდესაც ბრიტანულმა ექსპერტიზამ უკვე დადო შედეგი, რომ რომ მხოლოდ ერთ, ორწუთნახევრიან ვიდეოში ექვსი ჩარევა განახორციელეს, როგორიცაა მოჭრა, გადაფარვა და ა.შ. ასეთი მდარე მასალა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ასეთი სამწუხაროდ ბევრი მინახავს. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და წინასაარჩევნოდ ჩანაწერებით ომი ახალი არ არის. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ნაცნობი ხელწერაა, რაც ადრეც გვინახავს. ახლა მთავარია, გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, თუ ვინ დგას ამ ჩანაწერების უკან, ვინ დაამონტაჟა, ან რა პოლიტიკური ზრახვები ამოძრავებდათ. მე მაინც მგონია, რომ ეს არის ძალიან ხელოვნური პოლიტიკური სცენარი, რომლის გამოძიებაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშაონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.