ეკა ბესელია - მთავარი პროკურორი საკმაოდ მაღალი სტატუსის პოზიციაა და სჭირდება პროფესიული გამოცდილება, კარგი რეპუტაცია და სანდოობა
ეკა ბესელია - მთავარი პროკურორი საკმაოდ მაღალი სტატუსის პოზიციაა და სჭირდება პროფესიული გამოცდილება, კარგი რეპუტაცია და სანდოობა

მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მათი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საპროკურორო საბჭო არ იქნება შეზღუდული, რადგან კენჭისყრა ფარულია და ყველას შეუძლია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს.

„ვის დავუჭერთ მხარს, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან კენჭისყრა ფარულია. შესაბამისად როდესაც კანდიდატების წარდგენა მოხდება, კანდიდატების გამოცდილებისა და მათი შესაძლებლობების მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. საპროკურორო საბჭო არ იქნება შეზღუდული, კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად, კონფიდენციალურობა დაცულია და ყველას შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მოხდება უკვე პრემიერის მიერ კანდიდატის წარმოდგენა და პარლამენტი ერთვება ამ პროცესში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ

მისი თქმით, პროკურორისთვის მნიშვნელოვანია კარგი რეპუტაცია და რაც შეიძლება მაღალი სანდოობა, ამიტომ სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მოხდეს შერჩევა.

„მთავარი პროკურორი საკმაოდ მაღალი სტატუსის მქონე პოზიციაა და მას სჭირდება პროფესიული გამოცდილება. კანონში გვიწერია, რომ ან ადვოკატის, ან პროკურორის, ან მოსამართლედ მუშაობის პროფესიული გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასეთ უწყებას უხელმძღვანელოს.

გარდა ამისა, საჭიროა კარგი რეპუტაცია და რაც შეიძლება მაღალი სანდოობა. ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტი, რომელიც ასეთი მაღალი ლეგიტიმაციით უყრის კენჭს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად  შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი  შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.