ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია მთავარ პროკურორთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ისე მიღება, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ გამოწვევებს
ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია მთავარ პროკურორთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ისე მიღება, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ გამოწვევებს

მნიშვნელოვანია მთავარ პროკურორთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ისე მიღება, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„პროკურორის შერჩევის პროცესი დაიწყო. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, დღეიდან კონსულტაციები დაწყებულია. პირველ ეტაპზე, ამ პროცესს უძღვება იუსტიციის მინისტრი. კანონის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წარედგინება სამი კანდიდატი. ამის შემდეგ, პროცესი გადადის მთავრობასთან. ეს ეტაპებია გასავლელი, ვიდრე ჩვენ კენჭისყრას ჩავატარებთ. ეს პროცესი გაწერილია და არის ერთთვიანი ვადა“, – აღნიშნა ბესელიამ.

მისი თქმით, მთავარი პროკურორის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებისთანავე პროკურატურა ხდება სრულიად დამოუკიდებელი ორგანო.

„ის გადის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა. მხოლოდ პარლამენტთან ექნება ბმა, შესაბამისად, ამ მაღალი დამოუკიდებლობის პირობებში მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების ისე მიღება, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ერთ-ერთ კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ არ სმენია.

„მე არ მსმენია კონკრეტულად ნათიას შესახებ. მე შემიძლია თითოეულ კანდიდატზე ჩემი მოსაზრება გამოვხატო, მაგრამ ეს კორექტული არ იქნება“, – აღნიშნა ბესელიამ.