ეკა ბესელია - მიკვირს, რომ მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც ვალების განულების ჰუმანურ გადაწყვეტილებას აქილიკებენ
მიკვირს, რომ მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც ვალების განულების ჰუმანურ გადაწყვეტილებას აქილიკებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა. ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა ვალების განულების თემაზე ოპოზიციის მიერ მინისტრების პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.
„მინისტრები პარლამენტში დადიან და მოვლენ, ჩვენ საზედამხედველო კუთხით მუდმივად გვაქვს ეს პროცესი და ეს კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება არჩევნების შემდეგაც. ამ საკითხებზე ყველა დონეზე გაკეთდება განმარტებები.
ისე, გულწრფელად მიკვირს, ასეთი ტიპის მართლაც უპრეცედენტო და მასშტაბურ ქველმოქმედებას, რომელიც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თავისი შინაარსით არის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტა და მოიძებნენ ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას აქილიკებენ. ეს უბრალოდ, მათი პრობლემაა და ამ გადაწყვეტილების მასშტაბს და მის ჰუმანურობას ვერ დააკნინებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.