საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიაში შეხვედრებს განაგრძობს. კობახიძე დღეს ლატვიის სეიმის სპიკერს შეხვდება. დღესვე გაფორმდება მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
ლატვიაში მყოფი დელეგაციის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ლატვიაში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„პარტნიორობის, პოლიტიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით ლატვიაში ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესო იყო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს კონსტიტუციური რეფორმა ჩვენს ქვეყანაში და გაძლიერდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მნიშვნელობა. გადაწყვეტილებების სიმრავლე და მიმართვიანობის მაღალი რაოდენობა ადასტურებს სასამართლოს მიმართ ნდობას. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია სასამართლოს მუშაობის თაობაზე“, – აცხადებს ეკა ბესელია.
თამარ ხულორდავას განცხადებით, ლატვია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ლატვია არის საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს აქტიურად უჭერს მხარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს ასეთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც ეხმარება და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.