ეკა ბესელია - ინფრასტრუქტურის სამინისტრო მნიშვნელოვანი უწყებაა დიდი ბიუჯეტით, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც შეიძლება უკმაყოფილო იყოს
მთავრობაში საკადრო ცვლილება იმას უკავშირდება, რაზეც პრემიერი საუბრობდა, სხვა რაიმე გარემოების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი უწყებაა, რომელსაც დიდი ბიუჯეტი აქვს.
„ამ საკითხზე მსჯელობა იქამდეც მიმდინარეობდა და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ზურაბ ალავიძის პირადი სურვილი იყო. რაიმე სხვა ფაქტი მასთან დაკავშირებით საეჭვო, მსგავსი იმისა, რაზეც ახლა ოპოზიცია საუბრობს, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.
ეს უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით დიდი უწყებაა, შესაბამისად, ძალიან დიდი ბიუჯეტიც აქვს. ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც შეიძლება უკმაყოფილო იყოს. ის, რომ ზურაბ ალავიძე ძალიან ეფექტური მენეჯერია და მას ძალიან ბევრი კარგი თვისებაი აქვს, რომელიც ასეთ ძალიან მნიშვნელოვან და სხვა პოზიციასაც სჭირდება, მე შემიძლია ეს გულწრფელად ვთქვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეკითხვაზე – გამორიცხულია თუ არა სხვა საკადრო ცვლილება, ბესელია პასუხობს, რომ ზოგადად, პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა შეცვალა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, პარტიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. გუშინ გივი თარგამაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.