ეკა ბესელია - გიორგი კვირიკაშვილზე აფგან მუხთარლის განცხადება ცილისწამება და სიცრუეა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისწამებად და სიცრუედ აფასებს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მუხთარლის განცხადება სრულიად მიუღებელია, რადგან ეს ცილისწამების კლასიკური მაგალითია.
„პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება თუ ბრალდება ცილისმწამებლურია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პრაქტიკულად, ყველა პირი დაკითხულია, ვისაც თეორიულადაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა. ამ საკითხზე შუალედური ინფორმაცია გასაჯაროვებული იყო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები თანამდებობიდან გადადგნენ. ასეთი ბრალდება ცილისწამება და სიცრუეა.
არანაირი დავალება და სახელმწიფოების უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის წინასწარი შეთანხმება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მის განცხადებას პოლიტიკური შინაარსი რომ ჰქონდეს, ეს ნამდვილად სარწმუნოა და ალბათ, განცხადება უფრო ამით არის განპირობებული, რადგან პრემიერის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება სიცრუეა”, – განაცხადა ბესელიამ.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.