პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე მსჯელობა იმ საკითხით უნდა დაიწყოს, არის თუ არა ის ავთენტიკური.
ბესელიამ აღნიშნა, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, ანუ სანამ ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი2“-ით გავრცელდებოდა, ამიტომ, გამოძიების დაწყების საფუძველი საყურადღებოა.
„არის თუ არა ავთენტიკური – ამ საქმეზე მსჯელობა ამით უნდა დაიწყოს. გამოძიება, როგორც ჩანს, 12 ოქტომბერს დაიწყო, ანუ უფრო ადრე, ვიდრე ეს ინფორმაცია, ფარული აუდიოჩანაწერი „რუსთავი 2“-ით გავრცელდებოდა. შესაბამისად, საყურადღებოა ამ გამოძიების დაწყების საფუძველი, ეს წინასწარ გასული ინფორმაცია იყო თუ კიდევ სხვა წყაროსგან მოპოვებული ინფორმაცია. პირადად ჩემთვის, საინტერესო ამ საკითხის სამართლებრივი მხარეა. პირველ რიგში, ვიდრე შინაარსზე გადავალთ, ავთენტიკურობა უნდა გადამოწმდეს“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, მას ყველა ჩანაწერთან მიმართებაში მსგავსი მიდგომა მაქვს.
„ასეთი მიდგომა მაქვს ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მოპოვება, შენახვა და გავრცელებაც მიმაჩნია, რომ კანონით უნდა გადამოწმდეს. ეს კანონის მოთხოვნაა და სისხლის სამართლის დანაშაული, სხვათა შორის მძიმე დანაშაულს განეკუთვნება. გამოძიების დაწყება საჭირო და დროულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება, არის თუ არა ავთენტიკური და კანონიერი ჩანაწერი. თუმცა, ეკა ბესელიას ეეჭვება, რომ ის კანონიერად იყოს მოპოვებული.
„თუმცა მეეჭვება, რომ ეს კანონიერად მოპოვებული იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი ამ შეხვედრას ადასტურებს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს. ამიტომ კანონიერების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს. ასევე სერიოზული კითხვები მაქვს შემდეგ ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ სამართლებრივი ღირებულება ჰქონდეს, შინაარსზე იმსჯელო და კომენტარები გავაკეთოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ ავთენტიკური და კანონიერია თუ არა ჩანაწერები“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ამის დადასტურების შემდეგ, შესაძლებელია შინაარსზე მსჯელობა და ყველა კითხვის დასმა.
„მანამდე არამარტო არასერიოზული და ძალიან სახიფათოა ასეთი მიდგომები, არამედ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას. სანამ ჩანაწერის კანონიერება და ავთენტიკურობა გარკვეული არ გვაქვს და უკვე შემაჯამებელი დასკვნები კეთდება, განსაკუთრებით „რუსთავის -2“-ის გენერალური დირექტორის მხრიდან, ეს უკვე ის სურათია, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ამიტომ ლოგიკას მივყვეთ“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ნებისმიერი იურისტი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, კერძო კომუნიკაციის წესისა და პირადი სივრცის წესის დარღვევა, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება, გავრცელება და შენახვა სისხლის სამართლის წესით ისჯება.
„მოხდა თუ არა ამ ჩანაწერის მოპოვებით და გავრცელებით დანაშაული, ავთენტიკურია თუ არა, რეალურად ის პირები საუბრობენ თუ არა, ვინც ამ ჩანაწერშია მითითებული. ამაზე პასუხი, რომ გვექნება, შინაარსზე შემდეგ ვისაუბროთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიას თქმით, კონტექსტი გაუგებარია ჩანაწერის იმ ნაწილიდან, რომელიც პირადად მასაც ეხება.
„ამ ნაწილიდან, რაც მოვისმინე მე პირადად, აზრი ვერ გამოვიტანე. კონტექსტი ვერ გავიგე. ზოგადად საუბრობს, რომ რაღაც ინფორმაცია ჰქონდა. ეს ინფორმაცია დადებითი იყო თუ უარყოფითი, ვერ გავიგე. ამ საუბრიდან არ იკითხება. ამიტომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს. მართალია, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი დასკვნებს თვითონ აკეთებს, ყვება იმას, რაც უნდოდა, მოესმინა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ამ საუბარში ასეთი რამ არ არის. ვერ გავიგე ეს ადამიანი, რა ჩვენებაზე საუბრობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, მიმდინარეობდა თუ არა ამ კუთხით რამე გამოძიება პროკურატურაში.
„ერთი ფაქტი, რაც მახსოვს, რაც ჩვენ თვითონ გადავამოწმებინეთ, ეს იყო აბსოლუტურად ცილისმწამებლური და ღია შეურაცხმყოფელი ცრუ კამპანია, რაც „რუსთავი 2“-თან ერთად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ალექსანდრე ელისაშვილმა დაგეგმეს. თუ ამას გულისხმობს, არ ვიცი. დასკვნებს წინასწარ ვერ გავაკეთებდი, რადგან ამ კონტექსტიდან არაფერი იკითხება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატი სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზეც მიუთითებს.
„თუ ეს სერიალი ამ ლოგიკით გაგრძელდება, ნებისმიერი თქვენგანის ჩანაწერი ნებისმიერ სივრცეში განხორციელებული, შეიძლება, საჯარო აღმოჩნდეს. ყველას ინტერესშია, მათ შორის მედიის, რომ რაღაც სტანდარტი დაცული იყოს. ეს სტანდარტი კანონმა დაადგინა. გამონაკლისით არავინ, მათ შორის არც მედია სარგებლობს. კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. თუ უკანონო ჩანაწერია, უკანონო ჩანაწერის გავრცელების უფლება არავის აქვს. ეს არის კანონის მოთხოვნა, რომელიც დაირღვა. გამოძიება ორი დღით ადრე ამ მუხლით ამიტომაც დაიწყო, რაც არ ვიცოდი და გუშინ გავიგე“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ მოიპოვა, უკანონო ჩანაწერი ვინ გააკეთა, ვინ გაავრცელა და ასევე, რეალურია თუ არა ჩანაწერი.
„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.