ეკა ბესელია ფემიციდთან დაკავშირებით „ქალთა მოძრაობის“ მიერ მომზადებული პეტიციის განხილვას მხარს უჭერს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფემიციდთან დაკავშირებით „ქალთა მოძრაობის“ მიერ მომზადებული პეტიციის განხილვას მხარს უჭერს, რათა საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა გაიმართოს.
კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს, დაიწყოს თუ არა პეტიციის განხილვა.
დეპუტატის თქმით, დოკუმენტს 1000 ხელმოწერა აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ განზრახ მკვლელობის მუხლს დამამძიმებელი გარემოება დაემატოს და ცალკე მუხლად ჩამოყალიბდეს.
„ჩემი პირადი მოსაზრებით, იმდენად პრობლემური საკითხია, რომ საჭირო იქნება სიღმისეულ კვლევაში შესვლა. პეტიციის განხილვასა და ამ საკითხის უკვე სიღრმისეულად მომზადებას მხარს დავუჭერდი. ეს იქნება დამამძიმებელი გარემოება თუ სხვა ტიპის ფორმულირება, ამაზე სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ბესელიამ.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ფემიციდის აკრძალვის შესახებ სპეციალური მუხლი უნდა მიიღოს ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, სხვა დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში კი, უვადო პატიმრობა დააწესოს.