თინა ბოკუჩავა - დავესწრები სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებას, მაქვს პატივი, მივიტანო მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია
თინა ბოკუჩავა - დავესწრები სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებას, მაქვს პატივი, მივიტანო მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია

მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროპულ მომავალს აყენებს და ამიტომ ხელს აწერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის მიერ ხელმოწერილ პეტიციას პირადად მიიტანს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე.

„დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი, მივიტანო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია – „ჩემი ხმა ევროპას!“ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს, რუსული რეჟიმის ხელით, პუტინის პირადი პატიმარია და ის უსამართლო და უკანონო ტყვეობაში იმყოფება; მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, საპრეზიდენტო შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენებით დაასრულოს ეს ისტორიული უსამართლობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა აღმართა ევროპული დროშა და რომელსაც პირადად ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს და ამიტომ ხელს აწერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას, რომელიც მიზნად ისახავს, კიდევ ერთხელ გააგონოს ევროპას საქართველოს მოქალაქეების ხმა. ქვეყანაში გაბატონებული „რუსული ოცნების“ მარიონეტები ბოიკოტს უცხადებენ ღონისძიებას, პუტინის საამებლად დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს კი მაინც ვერ უზღუდავენ თავისუფლებას და ვერ ახშობენ მის ხმას საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ყველგან, სადაც საქართველოს ეროვნული ინტერესია, პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ყველგან, სადაც საქართველოს ევროპული მომავალია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.