ეკა ბესელია - ძალადობრივ პოლიტიკურ ძალასთან არც ერთ ეტაპზე კოაბიტირებული არ ვყოფილვარ
არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ კოაბიტირებული იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ იყო ძალადობრივი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
„სამართლებრივი პასუხები უნდა გაეცეთ მათ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებზე და ყოველთვის ვითხოვდი, რომ კანონი და კანონის აღსრულება გაგრძელებულიყო იქამდე, ვიდრე დარჩენილია რაიმე დანაშაულებრივი ქმედება. ეს არის ღირებულებითი განსხვავება ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელთანაც საერთოს ვერასოდეს ვიპოვი. ასე რომ, ალბათ ინდივიდუალურია, ვიღაცას შესაძლებლად მიაჩნდეს მათთან თანაცხოვრება და თანამშრომლობა. არც ერთ ეტაპზე არ მიმაჩნდა დასაშვებად და შესაძლებლად. იმდენად შავი და თეთრია და იმდენად დიდი სხვაობაა, რომ შეუძლებელია, რაიმე საერთო გვქონდეს იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ქვეყანაში მოიტანა უმძიმესი და საშინელი შედეგები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ეცნობა სტატისტიკასა და ინფორმაციებს, რაც სამართლიანობის აღსრულების კუთხით ხდება, მისი თქმით, 200-ზე მეტი მძიმე დანაშაულის ეპიზოდია გახსნილი და ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირია ბრალდებული, დაწყებული ყოფილი პრეზიდენტით, დამთავრებული ყოფილი მინისტრებითა და ყოფილი პრემიერ-მინისტრით.
„საზოგადოებაში მაინც არის ის განცდა, რომ სამართლიანობის აღსრულება ვერ მოხდა, რადგან პროცესი ბოლომდე არ არის მისული. ეს ხანგრძლივი პროცესია და უნდა გაგრძელდეს. ამის რეკომენდაციებს მუდმივად ვაძლევთ სამართალდამცავ ორგანოებს იქამდე, ვიდრე არ მოხდება ყველა იმ დანაშაულის გახსნა, დაზარალებულის უფლებების აღდგენა, ვინც თავის თავზე იწვნია ეს სისასტიკეც. იმ ადამიანებს, რომელთაც ბრალი მიუძღვით უმძიმეს დანაშაულებებში, რომლებიც წარსულში ხდებოდა, ისინი არ უნდა იყვნენ საჯარო პოზიციებსა და საჯარო თანამდებობებზე, ასეთი სამართლიანი მიდგომაც ძალიან პრინციპულია და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.