ეკა ბესელია - დღეს საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა
დღეს საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა, საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, – ამის შესახებ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „დაიცავი საქართველოს“ შეკრების შემდეგ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დღეს იწყება 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა კონსტიტუციაში მოსამართლეების უვადოდ არჩევა შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები. მე არ შევიცვალე ჩემი პოზიცია, ვდგავარ იქ, რაც არის ძალიან პრინციპული და არასდროს არ შევიცვლი ამ პრინციპულ პოზიციას. ასე რომ, კრიტიკული არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ როდესაც წამოვედით, მაშინვე ვთქვით, რომ ვემიჯნებოდით სწორედ ამ ყველაფერს, ასე რომ უბრალოდ ამას შეიძლება ლანძღვით არ გამოვხატავ“, – განაცხადა ბესელიამ.