ეკა ბესელია - დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება შს მინისტრის სწორი და გაბედული ნაბიჯი იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დანაშაულის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნებას სწორად და გაბედულ ნაბიჯად მიიჩნევს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სტატისტიკა გამოაქვეყნა, რადგან ერთი მხრივ, საზოგადოების სწორი ინფორმირება მთავრობის ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, ეს საზოგადოების უფლებაა.
„ძალიან საყურადღებოა მართლწესრიგის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც ახალ შინაარსს შეიძენს. მინისტრი კონკრეტულ გზებზეც საუბრობს და ისეთ რეფორმებს განვიხილავთ, რომელიც გულისხმობს უსაფრთხო გარემოსა და მოქალაქეებისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლითაც ისინი თავს უფრო დაცულად იგრძნობენ. სად არის დანაშაულის უფრო მეტი რაოდენობა და სად კლება, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სიღრმისეული და სწორი ანალიზი მოხდეს. მიმაჩნია, რომ მინისტრის მხრიდან სტატისტიკის გამოქვეყნება სწორი და გაბედული ნაბიჯი იყო. ამავე დროს, უფრო ღირებულია, როცა არა მხოლოდ სურათს ვხედავთ, არამედ მისი გადაჭრის გზებზე მზად არის სამინისტრო”, – განაცხადა ბესელიამ.
შს სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა.