ეკა ბესელია - „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილს დაგეგმილი შეკრება არის ერთგვარი ბმა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილს დაგეგმილ შეკრებას დაესწრება.
მისი შეფასებით, მსგავსი ფორმატის შეკრება ერთგვარი ბმაა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„13 აპრილს ფილარმონიაში შეკრებაზე, რასაკვირველია, ვიქნები. საზოგადოებრივი მოძრაობის, ამ ფორმატის შეკრება არის ჩვენთვის ერთგვარი ბმა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომ არასდროს არ არის გვიან და ახლა არის დრო, რომ ამ იდეამ კიდევ უფრო მძაფრი და ახალი შინაარსი შეიძინა. რა თქმა უნდა, ჩვენი ყოფნა არის დადასტურება იმისა, რომ არც მაშინ, როდესაც ეს მოძრაობა შეიქმნა და ვიბრძოდით ქვეყანაში სამართლიანობისა და თავისუფლების და არც დღეს, არ გაწყვეტილა ეს კავშირი. დღეს გაცილებით უფრო მწვავედ დადგა, უკვე მეშვიდე წელს ხელისუფლების შეცვლიდან, რომ სამართლიანობის იდეას ისევ ემუქრება საფრთხე“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის შეფასებით, აქედან გამომდინარე 13 აპრილს დაგეგმილ შეკრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ამ შეკრებას აქვს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენ ველოდებით ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ღირებულია არ დაიღალოს და არ მოდუნდეს ბრძოლაში, როდესაც საქმე სამართლიანობას, თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს ეხება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ 13 აპრილს შეკრებას მართავს.