ეკა ბესელია - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება კანონით იყოს პასუხგაცემული
ეკა ბესელია - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება კანონით იყოს პასუხგაცემული

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსთაველზე მიმდინარე აქციასა და ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ორი მდგენელი აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, პირველი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობასა და მის ტრაგიკულ შედეგებს უკავშირდება, საზოგადოება, მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც იზიარებენ და ამ ეტაპზე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ყველაფერი კეთდება.

რაც შეეხება მეორე, პოლიტიკურ ნაწილს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აზრით, პირველივე დღიდან ჩანდა როგორ ცდილობდა და ცდილობს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე რამდენიმე სხვა პარტია ამ ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

„არის საკითხები, რომლებიც მართლაც დარჩა როგორც ღია კითხვები და სწორედ იმიტომ, რომ ეს ღია კითხვები მოხსნილიყო, ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით, ყველა კარი გავაღეთ, რადგან არ ჰქონოდათ დაზარალებულებს განცდა, რომ მარტო იყვნენ ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, ვინ შემდეგ ჩაერთო თუ ვინ ადრე. ამ პროცესში ვხედავთ ცალკეული პოლიტიკოსების თუ ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან იმის მცდელობას, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ სათავისოდ და ღია ტიპის პროვოკაციებზე მიდიან. ბუნებრივია, ეს არ არის მარტივი საყურებელი, ეს ემოციაც მესმის. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა ვიმოქმედოთ, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და, მეორე მხრივ, უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ასევე კანონით იყოს პასუხგაცემული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.