ეკა ბესელია - ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, ძალა დავუპირისპიროთ ამ ადამიანებს, როგორც ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ვიდექით ქუჩაში
ეკა ბესელია - ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, ძალა დავუპირისპიროთ ამ ადამიანებს, როგორც ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ვიდექით ქუჩაში

ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, ძალა დავუპირისპიროთ ამ ადამიანებს, როგორც ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ვიდექით ქუჩაში,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.

„ვისურვებ, რომ პროცესები, რომელიც დაწყებულია და ძალიან აქტიურად მომდინარეობს სამივე მიმართულებით, ეს არის საგამოძიებო კომისია, გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და სამართლებრივი პროცედურები, სამივე ეს სამართლებრივი ბერკეტი იყოს გამოყენებული მართლმსაჯულების აღსრულებისთვის.

უმჯობესია ვიაროთ სამართლიანობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით და არა იმ ტიპის მეთოდებით, რომელიც მგონია, რომ უბრალოდ ამ პროცესს არ ეხმარება. გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, დაცული იქნება და ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სადავოა ამ მეთოდების გამოყენების საჭიროება, ხშირად ამ ფარგლების გადაცილებასაც ვხედავთ, ძალა დავუპირისპიროთ ამ ადამიანებს, როგორც ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ვიდექით ქუჩაში.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველას კონსტიტუციური უფლების რეალიზება, მაგრამ ვისურვებდი, რომ სამართლებრივი ბერკეტები იყოს გამოყენებული, ნაცვლად ამ პოლიტიკური დღის წესრიგისა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.