ეკა ბესელია - ჩემი ვერსიით, პრეზიდენტმა მის მიმართ ოპოზიციის განწყობებიდან გამომდინარე თავი მოარიდა შეხვედრაზე დასწრებას
ჩემი ვერსიით, პრეზიდენტმა მის მიმართ ოპოზიციის განწყობებიდან გამომდინარე თავი მოარიდა შეხვედრაზე დასწრებას, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური ფუნქციით უნდა იყოს მედიატორი. ის ხომ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურაა და მისი ამ შეხვედრაზე არყოფნა ცოტა გაუგებარია. ეს არ იყო რელევანტური. იმიტომ, რომ მარტო სასახლეს ხომ არ აქვს ის დატვირთვა, რა დატვირთვითაც ის სასახლე შეირჩა?! თუ ვინმემ შეიძლება, კონსტიტუციურად მედიაცია აწარმოოს ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს, ეს უნდა იყოს პრეზიდენტი და სამწუხაროა, რომ ეს ასე არ ხდება. ახლა უკვე ალბათ, აშშ-ის ელჩთან ერთად, ევროკავშირის ელჩი გააგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას“, – განაცხადა ბესელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რით ახსნის იმ ფაქტს, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი არ იყვნენ მმართველი პარტიის და პარლამენტის თავმჯდომარეები, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტის და მით უფრო, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს რეალური ავტორიტეტი და პოლიტიკური წონა არ აქვთ და ამ ძალიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილების გამო ფორმალობების დრო არ იყო.
„პრეზიდენტი მიშელი იმავე დღეს ამთავრებდა ვიზიტს და მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა. ის შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ ეს ძალიან მოკლე და ფორმალიზებული, უშინაარსო შეხვედრა იყო. მან მთელი აქცენტი და დრო ოპოზიციასთან შეხვედრაზე მიმართა და ამ შეხვედრის გაგრძელება იყო უკვე პრემიერის მოყვანა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, შარლ მიშელი ქვეყანაში ჩამოვიდა არა პროტოკოლური ვიზიტით, არამედ შექმნა ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი და ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ გააგრძელებს ამ პროცესს მეორედ მოსული პრემიერი ღარიბაშვილი, რამდენად შეძლებს ამ ტვირთის აწევას და როგორ ჩავა ორ კვირაში ბრიუსელში.