ეკა ბესელია - სამართალდამცავების ძალისხმევა ადამიანის სიცოცხლის დაცვისკენ იყო მიმართული
პირველ რიგში, მინდა, დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ადამიანის სიცოცხლის დაცვისკენ იყო მიმართული მთელი ეს ძალისხმევა, რაც იყო სამართალდამცავებისა და სპეციალური დანაყოფების ძალისხმევისა და თავგანწირვის მიზანი.
„ეს არის ურთულესი მომენტი, როდესაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვათა უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს იცავენ, ამიტომაც არსებობს მორალური სტანდარტი, როდესაც ასეთ ვითარებაში ქილიკისა და განსჯის ნაცვლად, საზოგადოება სოლიდარულია.
ობიექტური განსჯის დრო დგება, მაგრამ სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის ფაზა გავიაროთ ჯერ. დღეს თანამედროვეობის ყველაზე რთულ გამოწვევებს ცივილიზებული სამყარო ხვდება ერთობით და არა ჩასაფრებულის პოზიციით. ამიტომაც მეტი წინდახედულება, სიბრძნე და პასუხისმგებლობა გვმართებს, პატივისცემა თავგანწირულთა მიმართ და შემდგომ კარგი ანალიზი მომავლის პრევენციისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.