ეკა ბესელია არასამთავრობოებსა და მოქალაქეებს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად გამოხატონ
ეკა ბესელია არასამთავრობოებსა და მოქალაქეებს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად გამოხატონ

პოლიტიკური პარტიის „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი შეაჯამა.

ბესელიას თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება სიმბოლურად დაამთხვია 7 ნოემბერს – „ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სასტიკი დარბევის დღეს“.

ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველამ გაანალიზოს საფრთხე, რომელიც საბედისწერო შეცდომას ახლავს.

ბესელია ამბობს, რომ პარლამენტი დაუშვებს სწორედ საბედისწერო შეცდომას, თუკი წარმოდგენილ კანდიდატებს განამწესებს უზენაეს სასამართლოში.

„დღეს 7 ნოემბერია, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დარბევის დღე. ჩვენ სიმბოლურად 7 ნოემბერს გადავწყვიტეთ ჩვენი სათქმელი ამ თარიღის მნიშვნელობის კონტექსტში გითხრათ. კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ის საფრთხე, რაც ახლავს საბედისწერო შეცდომას, რომელიც შეიძლება იყოს დაშვებული, თუ კი პარლამენტი უახლოეს დღეებში აირჩევებს მოსამართლეებს უვადოდ ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში“,- აღნიშნა ბესელიამ და აქვე დასძინა, რომ  სასამართლოს კონტროლის არსებობის შემთხვევაში, 7 ნოემბერი არ მოხდებოდა.

„არ მოგვიკვდებოდა ამდენი ადამიანი საპატიმროში, არ გვიწამებდნენ ამდენ პატიმარს, ამდენი ადამიანი არ გაუბედურდებოდა და გამოუსწორებელ ზიანს არ მიიღებდა. სწორედ იმიტომ,რომ სასამართლო კონტროლი არ არსებობდა თავის დროზე, ის რეჟიმი იყო ძალადობრივი. მთავარი გარანტი, რომ ადამიანები იყვნენ დაცული, არის  გამართული და დამოუკიდებელი სასამართლო. დღეს ისევ დავდექით ამ საფრთხის წინაშე. სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც  7 ნოემბერს, 26 მაისს თუ სხვა ტიპის ძალადობრივ თარიღებს აკანონებდნენ და ლეგიტიმაციის საშუალებას აძლევდნენ წინა რეჟიმს, ეს რომ არ იყოს დაშვებული და ისევ ახალი 7 ნოემბერი არ განმეორდეს,  მობილიზება გვჭირდება. მაკო გომურის და გიორგი სულაშვილის თვალის ჩინი ემსხვერპლა მორიგ უკანონობას და ისევ სასამართლოს სისუსტემ განაპირობა ის, რომ მათ დღეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი დღეს ვდგავართ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილი 20 კაციანი სიიდან 15 ის მოსამართლეა, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმს აძლიერებდა.

„20 კაციან სიაში 15 არის ის მოსამართლე, რომელიც სწორედ იმ რეჟიმს აძლიერებდა და იმ უსამართლობას ქმნიდა. ის 10 კაციანი სია შევაჩერეთ. მაშინ ეს მოხდა გარე დიდი საპროტესტო აქციების, თუ გარე დიდი წნეხის გარეშე, თუმცა საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიოდა. მოსამართლეების 20 კაციანი სიის არჩევის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე, რომ ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება სამართალი, ბევრი წლის განმავლობაში აღარ იქნება გარანტია, რომ კონსტიტუციურად იქნებით დაცული და ბევრი წლის განმავლობაში შეექმნება საფრთხე თქვენს ყოველდღიურობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა და საფიქრალი. ამ პროცესმა აჩვენა, რომ ეს სია არ შეიძლება იყოს საქართველოს და თქვენი მომავალი. პარლამენტმა ხალხის ხმა გაიგონოს და არ მისცეს ლეგიტიმაცია იმ ადამიანებს, ვინც წარსულში ცუდები იყვნენ და აწმყოშიც არ აღიარებენ, რომ გამოსწორდნენნ, არც იმას ნანობენ, რაც ჩაიდინეს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს მიმართა: „კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში, რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება, მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას.
ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები აქვს, რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც თავად იყო ამ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, უნდა დავიწყოთ კონსულტაციები ხვალიდნავე იმისთვის, რომ მოვიფიქროთ, შევარჩიოთ, პროტესტის როგორი ფორმა იქნება ყველაზე რელევანტური და შესაფერისი, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ განზრახვას, რომ არჩეულნი იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი და თქვენი შვილების მომავალს. უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმა, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა გაიგოს საკუთარი მოქალაქეებისa და ამომრჩევლების ხმა. საჭიროა უმოკლეს დროში ამ კონსულტაციების გამართვა და საერთო კონსენსუსამდე მისვლა“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, ალექსანდრე წულაძეს უსმენენ.

კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დასრულდება. ამას შემდეგ კი პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატები კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს.