ეკა ბესელია - არ მივიღებთ უსინდისო ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ტერაქტებს აწყობდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ არც ერთი პერსონალური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა ლიკვიდირება გაბრიელ ბერის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ძალოვანმა უწყებებმა ძალიან გააზრებულად, დიდი სიფრთხილით იმუშავეს, რათა მშვიდობიანი მოქალაქეებში მსხვერპლი არ ყოფილიყო და ოპერაცია წარმატებით დასრულებულიყო.
„ამისთვის ძალოვანმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს. სპეცოპერაცია ობიექტურად უნდა შეფასდეს, როგორც კარგად გააზრებული ოპერაცია. ძალისხმევა მაქსიმალურად იყო მიმართული იქითკენ, რომ ადამიანების სიცოცხლე დაცული ყოფილიყო. სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი განცხადებები და მიდგომები დაფიქსირდა, მათ შორის სრულიად გაუგებარი იყო კრიტიკული განცხადებები, ვიდრე ოპერაცია დასრულდებოდა. ასეთი განცხადებები ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ აზიანებს და მას არავითარი სიკეთე არ მოაქვს. ეს რთული სპეცოპერაცია იყო, რომელიც ჩვენმა სამართალდამცველებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს. ყველა კითხვაზე პასუხი გამოძიების შედეგების მიხედვით იქნება, რომელიც ლეგიტიმური, ობიექტური იყო და არა უსამართლო და შეურაცხმყოფელი. გამოძიების შედეგს უნდა დაელოდოთ”, – აღნიშნავს ბესელია.
ეკა ბესელია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ზღვარგადასულ ბრალდებებს არავისგან არ მიიღებს, მით უმეტეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ტერაქტებს თავად აწყობდნენ.
„ტერორიზმი და ტერორისტული ქმედებები ყველაზე ძლიერი სისტემის მქონე ქვეყნებისთვის არის გამოწვევა. საქართველო იშვიათი გამონაკლისია, როცა ასეთი შემთხვევა არ გვქონია და მოქმედება პრევენციის ეტაპზე დაიწყო. შესაბამისად, რაიმე ტიპის დემაგოგია მიუღებელია. რაც შეეხება ბრალდებას, პირების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და გამოძიებას დაველოდოთ. არც ერთ ფაქტს არ ვადასტურებ, რაც შეიძლება წინასწარ ითქვას. რაც შეეხება იმ დემაგოგიასა და სიცრუეს, რასაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ შორის ჩატაევთან დაკავშირებით, ამოიღეთ და ნახეთ, მას რა ბრალდება ჰქონდა წარდგენილი და რა ბრალდებით იყო საქმე სასამართლოში გაშვებული. პარლამენტის მიერ არც ერთი პერსონალური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული იმ გვარის მიმართ, ვინც სახელდება. ამიტომ, ასეთ უსინდისო და ზღვარგადასული ბრალდებებს არავისგან არ მივიღებთ, მით უმეტეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ტერაქტებს თავად აწყობდნენ და უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, როცა ხელოვნური ტერაქტები განახორციელეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ეწირებოდნენ. ამ თემაზე ნურავინ გაბედავს და თავს უფლება ნუ მისცეს, ჩვენსკენ თითის გაშვებით ილაპარაკოს მაშინ, როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იწვნიონ. გამოძიებას დაველოდოთ და ამის შემდეგ ვისაუბროთ, ვის რა წილი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ცოტა უფრო შორს გაიხედოთ და მგონი, იმ ადამიანებს დავინახავთ, ვინც აქეთ კითხვებს სვამენ. საუბარი იმაზე, რომ თითქოს ჩატაევი პარლამენტის მიერ გათავისუფლდა, სიცრუეა და ასეთ მტკნარ სიცრუეს არავისგან მივიღებ“, – განაცხადა ბესელიამ.